ფლორიდის ბრევარდის ოლქის შერიფი - ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ცეცხლგამჩენ ბომბს თუ ესვრით ან იარაღს დაუმიზნებთ, თქვენს ოჯახებს შევატყობინებთ, სად შეაგროვონ თქვენი ნეშტი, მოგკლავთ
მინდა, ნათლად ვთქვა: თუ კანონიერ ბრძანებებს დაუპირისპირდებით, ციხეში მოხვდებით; თუ დაკავების დროს გაიქცევით, დაგიჭერთ და ციხეში ჩაგსვამთ; თუ რომელიმე ჩვენგანს დაარტყამთ, საავადმყოფოში და ციხეში აღმოჩნდებით, და, დიდი ალბათობით, ჩვენი დიდი, ლამაზი ძაღლებიდან ერთ-ერთი გიკბენთ; თუ ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ცეცხლგამჩენ ბომბს ესვრით ან იარაღს დაუმიზნებთ, თქვენს ოჯახებს შევატყობინებთ, სად შეაგროვონ თქვენი ნეშტი, მოგკლავთ, – ამის შესახებ ფლორიდის შტატის ბრევარდის ოლქის შერიფმა, უეინ აივიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიის ნაწილია, თუმცა თუ პროტესტი ძალადობრივი გახდება, სამართალდამცველები მკაცრად იმოქმედებენ. შერიფმა მოუწოდა მოქალაქეებს, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.
„ფლორიდაში ხალხი გადმოდის, რადგან ოჯახები უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ბიზნესები უფრო უსაფრთხოა. ახლა აქ არ ხდება ის, რაც ვნახეთ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა ლოს ანჯელესი, ნიუ იორკი და ჩიკაგო. ასეთი რამ აქ ამჟამად არ ხდება. ჩვენ აქ ვართ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების დაცვა. მინდა, რამდენიმე რამ განვმარტო. პირველ რიგში, მშვიდობიანი პროტესტი ჩვენი დემოკრატიის ნაწილია. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები. სწორედ ეს არის ამ ქვეყნის არსი. ამაში საკვანძო სიტყვაა: მშვიდობიანი. და თუ ეს მშვიდობიანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენ გქონდეთ შესაბამისი გარემო, ეს პროცესის ნაწილია. თუ პროტესტი ძალადობრივი გახდება, დამიჯერეთ, არც თქვენ არ გსურთ, რომ ეს მოხდეს. თუ ვინმემ არ იცის, რას ვგულისხმობ ძალადობრივ პროტესტში, მაშინ აგიხსნით. მინდა, ნათლად ვთქვა: თუ კანონიერ ბრძანებებს დაუპირისპირდებით, ციხეში მოხვდებით; თუ დაკავების დროს გაიქცევით, დაგიჭერთ და ციხეში ჩაგსვამთ; თუ რომელიმე ჩვენგანს დაარტყამთ, საავადმყოფოში და ციხეში აღმოჩნდებით, და, დიდი ალბათობით, აქ მყოფი ჩვენი დიდი, ლამაზი ძაღლებიდან ერთ-ერთი გიკბენთ. თუ ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ცეცხლგამჩენ ბომბს ესვრით ან იარაღს დაუმიზნებთ, თქვენს ოჯახებს შევატყობინებთ, სად შეაგროვონ თქვენი ნეშტი, მოგკლავთ. ჩვენ არ ვაპირებთ თამაშს. ეს უნდა დასრულდეს. თქვენ ხედავთ, რა ხდება იქ, პოლიციელებს თავს ესხმიან, საფრთხეში აგდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ საქმეს ასრულებენ. თუ არ გინდათ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს აქ, გააპროტესტეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ გააკეთეთ ეს მშვიდობიანად. დადექით მთის წვერზე და იყვირეთ, რაც გსურთ, გამოხატეთ თქვენი აზრი, ჩვენ მივესალმებით ამას, მაგრამ არ გაბედოთ კანონის დარღვევა“, – განაცხადა შერიფმა უეინ აივიმ.