ფლორიან ვირტცი „ლივერპულში“ გადასვლაზე – როგორც იქნა, ეს მოხდა #1TVSPORT

17:18, 21.06.2025

გერმანელმა ნახევარმცველმა, ფლორიან ვირტცმა „ლევერკუზენიდან“ „ლივერპულში“ გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. როგორც იქნა, ეს მოხდა. მე მართლაც აღელვებული ვარ იმით, რომ წინ მელოდება ახალი თავგადასავალი. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან რაღაც ახალი მინდოდა – წავსულიყავი ბუნდესლიგიდან და შევერთებოდი პრემიერლიგას. ვნახოთ, როგორ შევძლებ იქ გამოსვლას. იმედია, გამომივა იმ ყველაფრის ჩვენება, რაც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები პირველ შეხვედრას ახალ გუნდში“, – მოჰყავს ვირტცის სიტყვები „ლივერპულის“ პრესსამსახურს.

გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ფეხბურთელთან, რომლებიც აქამდე „ლივერპულში“ თამაშობდნენ და მათ მერსისაიდულ კლუბს კარიერის გაგრძელების იდეალური ვარიანტი უწოდეს.

პარასკევს, 20 ივნისს ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ 22 წლის ფეხბურთელთან. „ლივერპულმა“ ამ ტრანსფერში 136.3 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც სარეკორდო თანხაა პრემიერლიგის ისტორიაში.

ვირტცი „ლევერკუზენში“ 2020 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი