ფლორენტინო პერესის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის ვარსკვლავის სანაცვლოდ „რეალი“ 150 მილიონი ევროს გადახდას აპირებს #1TVSPORT
ფლორენტინო პერესის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის ვარსკვლავის სანაცვლოდ „რეალი“ 150 მილიონი ევროს გადახდას აპირებს #1TVSPORT

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა. მან დააანონსა, რომ კლუბი უახლოეს მომავალში ახალი სუპერვარსკვლავის შესაძენად სარეკორდო თანხას, სულ მცირე, 150 მილიონ ევროს გადაიხდის. მისი თქმით, ეს იქნება ყველაზე დიდი სატრანსფერო თანხა მადრიდული გრანდის ისტორიაში.

პერესს კონკრეტული სახელი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლიდერზე. მან ცალსახად გამორიცხა ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, ასევე ჰარი კეინი და მაიკლ ოლისე. მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, პერესი ხვიჩა კვარაცხელიას გულისხმობდა.

„უკვე შემიძლია სამი გადაწყვეტილი ამბავი გაგიზიაროთ – მომავალ სეზონში გუნდს კვლავ ჟოზე მოურინიო გაუძღვება, ხოლო იბრაჰიმა კონატე და დენზელ დუმფრისი ჩვენს რიგებში იასპარეზებენ. თუმცა გაძლიერება ამით არ სრულდება, რადგან პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებს მადრიდში გადმოსვლა სურთ.

სამშაბათს ვაპირებთ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის მთავარი ვარსკვლავის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება გავგზავნოთ. ეს იქნება „რეალის“ ისტორიაში სარეკორდო, მინიმუმ, 150-მილიონიანი შენაძენი.

ვისზე მაქვს საუბარი? ნამდვილად არა მაიკლ ოლისეზე, მიუხედავად მისი დიდი ნიჭისა. არც დოკუზე, არც ჰალანდსა და არც კეინზე. უფრო მეტიც, ეს ფეხბურთელი პრემიერლიგაში საერთოდ არ თამაშობს. საუბარია ნამდვილ „გალაქტიკოზე“, რომელიც ისეთივე მასშტაბის ფიგურაა, როგორებიც ფიგუ, ზიდანი, კაკა, კრიშტიანუ და ბრაზილიელი რონალდო იყვნენ. რაც შეეხება ერლინგ ჰალანდის გარშემო ატეხილ ხმაურს, ეს სრული ტყუილია. მისი ოჯახის წევრებმა და აგენტმაც დაადასტურეს, რომ ნორვეგიელი ჩვენთან არ ითამაშებს.

ფიქრობთ, რომ შეტევის ხაზი უკვე დაკომპლექტებულია და ეს სარეკორდო შენაძენი თავდამსხმელი არ იქნება? გახსოვდეთ ერთი რამ – როცა მადრიდის „რეალს“ წარმოადგენ, იქ მუდმივად გჭირდება განვითარება და გაძლიერება“, – აღნიშნა პერესმა.