ფლორენტინო პერესი ნეიმარის შეძენაზე დღემდე ოცნებობს
ფლორენტინო პერესი ნეიმარის შეძენაზე დღემდე ოცნებობს

ნეიმარის ყოფილი აგენტი ვაგნერ რიბეირო ამბობს, რომ ფლორენტინო პერესი 28 წლის ბრაზილიელის ყიდვით დღესაც არის დაინტერესებული. მისი თქმით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ამაზე იმ დღიდან ოცნებობს, როდესაც ნეიმარის თამაში ბრაზილიურ „სანტოსში“ ნახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გოლი“ ავრცელებს.

„ფლორენტინო ისევ ოცნებობს ნეიმარის ყიდვაზე“, – ამბობს რიბეირო – „შარშან მე მასთან ოფისში ვიყავი და თავად მითხრა ამის შესახებ“.

როგორც ცნობილია, ნეიმარის გადაბირება „რეალის“ ყველაზე პრინციპულ მეტოქე „ბარსელონასაც“ სურს, სადაც ბრაზილიელი 2013-2017 წლებში თამაშობდა.

კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ნეიმარს 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 128 მილიონი ევროა.