ფლოიდ მეივეზერი ბოლო ათწლეულში ერთი ზუსტი დარტყმისთვის ნახევარ მილიონს იღებდა
ბოლო 10 წლის განმავლობაში, საკრივო ორთაბრძოლებში თითოეულმა ზუსტმა დარტყმამ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს ნახევარი მილიონი დოლარი მოუტანა.
2010-19 წლების პერიოდში მეივეზერმა 10 ბრძოლა ჩაატარა და ორჯერ გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ამ ბრძოლებში ამერიკელმა ჯამში 4270 დარტყმა შეასრულა, აქედან 1833 დარტყმა იყო ზუსტი. აღნიშნულ 10 ბრძოლაში ფლოიდმა 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ნიშნავს, რომ თითო დარტყმისთვის მეივეზერმა 499.2 ათასი დოლარი მიიღო.
გასული წლის ნოემბერში მეივეზერმა გამოაცხადა სპორტში დაბრუნების შესახებ. კერძოდ, ამერიკელი 2020 წელს ორი ბრძოლის ჩატარებას აპირებს.
ფლოიდ მეივეზერი პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელია – მას 50 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.