„ფლამენგომ“ ფილიპე ლუიში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა #1TVSPORT
ბრაზილიის „ფლამენგომ“ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ მთავარ მწვრთნელთან, ფილიპე ლუიშთან.
ბრაზილიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „ფლამენგომ“ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ასევე მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. გარდა ამისა, გუნდმა ითამაშა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ნახევარფინალამდე მიაღწია, და საკონტინენტთაშორისო თასზე, რომლის ფინალში გააღწია და იქ პენალტების სერიაში დამარცხდა „პარი სენ-ჟერმენთან“.
მოგვიანებით ცნობილი გახდა „ფლამენგოსა“ და ფილიპე ლუიშს შორის თანამშრომლობის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი. როგორც გაირკვა, მწვრთნელს დეკემბერში, „ფლამენგოსთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებების პარალელურად, კონტაქტი ჰქონდა კომპანია BlueCo-სთან, რომელიც ლონდონის „ჩელსის“ მფლობელია.
გამოცემა UOL-ის ინფორმაციით, ფილიპე ლუიში სამი დღის განმავლობაში არ პასუხობდა „ფლამენგოს“ წარმომადგენელთა ზარებს და BlueCo-სთან შესაძლო თანამშრომლობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ამით მწვრთნელმა დაკარგა „ფლამენგოს“ პრეზიდენტის, ლუიშ ედუარდო ბაპტისტას ნდობა. მოგვიანებით ფილიპე ლუიშმა შეიტყო, რომ BlueCo მას მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდა არა „ჩელსიში“, არამედ „სტრასბურში“, რის გამოც მწვრთნელი „ფლამენგოსთან“ მოლაპარაკებებს მიუბრუნდა.