ფიურისა და უაილდერის მესამე ბრძოლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის
ფიურისა და უაილდერის მესამე ბრძოლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ტაისონ ფიურის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მისი კლიენტის ბრძოლას ამერიკელ დეონტეი უაილდერთან.

„ეჭვი მეპარება, რომ ეს ბრძოლა ივლისში ან ზაფხულის რომელიმე სხვა თვეში ჩატარდეს. ფიურისა და უაილდერის მესამე შეხვედრა ლას ვეგასში უნდა გამართულიყო, მაგრამ აშშ-ს, სავარაუდოდ, სერიოზული კრიზისი ელოდება. ეს ქვეყანა უდიდეს თანხებს ხარჯავს შეიარაღებაზე, თუმცა, ამის ნაცვლად, მათთვის უმჯობესი იქნება, თუ ფულს ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის დახარჯავენ.

დღეს ნებისმიერი, ვისაც შეიძლება ქუჩაში გადაეყაროთ, კორონავირუსის მატარებელი იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს დაგეგმვა ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, სანამ მსოფლიოში ასეთი მდგომარეობაა“, – მოჰყავს უორენის სიტყვები „ბოქსინგ სინს“ (Boxing Scene).

ფიურისა და უაილდერს ორჯერ უჩხუბიათ ერთმანეთში. 2018 წელს პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, 2020 წელს კი ფიურიმ მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა უაილდერი და WBC-ის ტიტული მოიპოვა.