ფინიშამდე სამი ტურით ადრე - „ტორპედომ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, „სამტრედია“ რთულ მდგომარეობაშია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები შეიტანა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად ფოთის „კოლხეთითან“ 1:3 დამარცხდა. მე-10 წუთზე ნიკა სანდოხაძემ მარჯვენა ფლანგიდან გაბრიელ ფერეირას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიხსნა.
ქუთაისელები თამაშის შემოტრიალებას შეეცადნენ, მაგრამ გოლი ისევ საკუთარ კარში მიიღეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ „ტორპედოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კირილ კლიმოვმა გამოიყენა და ფოთელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში „კოლხეთს“ სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ გიორგი ახალაძემ პენალტი ვერ გაიტანა – ბურთი „ტორპედოს“ მეკარემ აიღო. ქუთაისელებმა იბრძოლეს და 57-ე წუთზე ფელიპე პირესის ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირეს. თუმცა, 83-ე წუთზე სტუმრებს თავდამსხმელი ბიორნ იონსენი მეორე ყვითელი ბარათის მიღებისთვის გააძევეს, საბოლოო ანგარიში კი 90+3 წუთზე გიგი აბუაშვილმა დააფიქისრა და „კოლხეთმა“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო.
პარალელურად, წყალტუბოში „სამგურალმა“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გავიდა – სტუმართა კარის აღება გამოცდილმა ლევან კუტალიამ მოახერხა.
სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ქუთაისის „ტორპედო“ (64) მეორე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ სამი ქულით ჩამორჩება, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს. „კოლხეთი“ (34) მე-8 პოზიციაზეა და აქვს შანსი, პლეი აუტის ზონას თავი დააღწიოს.
„სამგურალსა“ და „დინამო თბილისს“ 39-39 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით წყალტუბოელები მე-5 ადგილზე დაწინაურდნენ, „სამტრედია“ (27) კი მე-10 ადგილზეა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დგას.