„ფინიქსი“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში გრძელდება პლეი ოფები. დღეს გამთენიისას სტარტი აიღო დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურმა სერიამ „ფინიქსსა“ და „დენვერს“ შორის. პირველი მატჩი „სანსის“ უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ფინიქსელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 122:105 დასრულდა.

პირველი ტაიმის შემდეგ „ნაგეთსი“ 1 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდები „ფინიქსმა“ მაღალ დონეზე ჩაატარა და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

მასპინძელთა შორის 20 ქულაზე მეტი ოთხმა კალათბურთელმა დააგროვა. 23 ქულა მიითვალა მიკალ ბრიჯესმა. 21 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრის პოლმა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა დეანდრე ეიტონმა (20 ქულა, 10 მოხსნა). 21 ქულით დაასრულა შეხვედრა დევინ ბუკერმა. მას ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა.

დენვერელთა შორის ყველაზე მეტი 22 ქულა და 9 მოხსნა ნიკოლა იოკიჩმა მიითვალა. 18 ქულა იყო აარონ გორდონის ანგარიშზე. 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯამიკალ გრინს.

დღესვე „ბრუკლინმა“ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში „მილუოკის” შანსი არ დაუტოვა და 125:86 დაამარცხა. „ნეთსი” სერიაში 2:0 დაწინაურდა.