„ფინიქს სანსთან“ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ 19 ქულა შესძინა #1TVSPORT
„ფინიქს სანსთან“ შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ 19 ქულა შესძინა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „ფინიქს სანსს“ შეხვდა და 98:117 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა ამ დროში გუნდს 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. მან თამაშიდან მეტოქის ფარს 15-ჯერ შეუტია და 8 ბურთი, მათ შორის, ერთი სამქულიანი ჩააგდო. ასევე გამოიყენა 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა.

ქართველი მოთამაშე „სან ანტონიოს“ რიგებში ქულათა მხრივ მეორე საუკეთესო იყო. ყველაზე მეტი, 23 ქულა ჯულიან შამპანიემ ჩააგდო. 16 ქულა ჰქონდა სტეფონ კასტლის.

რეგულარულ სეზონში ჩატარებული 81 მატჩის შემდეგ „სან ანტონიო“ 33 გამარჯვებითა და 48 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. გუნდმა თებერვალში ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა ტრავმის გამო დაკარგა და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა ვეღარ მოახერხა.

ბოლო ტურის მატჩს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 13 აპრილს საკუთარ მოედანზე „ტორონტო რეპტორსთან“ გამართავს.