ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის პარტია დამარცხდა
ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის პარტია დამარცხდა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა. ხმების 95 პროცენტის დათვლის შემდეგ პირველ ადგილზე კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტიაა“ 20.7 პროცენტით, მეორე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1 პროცენტით.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სოციალ-დემოკრატები“ 19.9 პროცენტით მესამე ადგილზე არიან.

„ამ შედეგიდან გამომდინარე, ფინეთის ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები დაიწყება „ეროვნული კოალიციური პარტიის“ ხელმძღვანელობით“, – თქვა „ეროვნული კოალიციის პარტიის“ ლიდერმა, პეტერი ორპომ.

ფინეთის საპარლამენტო არჩევნები ნატო-ში ქვეყნის ისტორიულ გაწევრიანებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. „კონსერვატიულმა პარტიამ“ პირობა დადო, რომ შეზღუდავს ხარჯებს და შეაჩერებს სახელმწიფო ვალის ზრდას, რომელმაც მშპ-ის 70 პროცენტს მიაღწია მას შემდეგ, რაც სანა მარინი თანამდებობაზე დაინიშნა.

პეტერი ორპო და „კონსერვატორები“ სანა მარინს სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ.