ფინეთის კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი წილისყრას აფასებს - საქართველოსთან დაპირისპირების დიდი ისტორია გვაქვს #1TVSPORT
ფინეთის კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი წილისყრას აფასებს - საქართველოსთან დაპირისპირების დიდი ისტორია გვაქვს #1TVSPORT

დღეს ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები გახდა ცნობილი.

ჩვენი გუნდი G ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე არიან სერბეთის, ფინეთისა და დანიის ნაკრებები. წილისყრის შემდეგ ფინეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლასი ტუოვიმ.

„საკვალიფიკაციო ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სამი ნაკრებია და ასევე დანია, რომელიც ახლოს იყო, ლიეტუვის ნაკრები პლანეტის პირველობის მიღმა დაეტოვებინა. საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებთან დაპირისპირების დიდი ისტორია გვაქვს, რაც მომავალ თამაშებს დამატებით ინტერესს სძენს.

ევროპის ჩემპიონატზე გარანტირებულად ვითამაშებთ, თუმცა ეს ყველაფერი საკვალიფიკაციო ეტაპს ინტრიგას არ აკლებს, ამჟამად კი ჩვენი ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატს ეთმობა“, – განაცხადა ფინეთის ნაკრების მწვრთნელმა.

G ჯგუფის მონაწილე ფინეთის ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და ის ფინალურ ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშებს. ასე რომ, ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე, ფინეთის გარდა, ორი საუკეთესო ნაკრები გავა. მაგალითისთვის, თუ ფინეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ.

2025 წლის კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპი სამ სანაკრებო ფანჯარაში ჩატარდება. პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, მეორე – 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო მესამე – 2025 წლის 17-25 თებერვალს. თითოეულ ფანჯარაში ნაკრებები 2-2 თამაშს ითამაშებენ.