ფინალური სერია „ქუთაისის“ მოგებით დაიწყო
ფინალური სერია „ქუთაისის“ მოგებით დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერია დაიწყო. პირველი მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა – რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “ქუთაისმა” მოქმედ ჩემპიონს თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

მატჩი მასპინძლებისთვის კატასტროფულად დაიწყო – “დინამო” 11:0 გაიქცა და პირველი მეოთხედის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, 15 ქულითაც დაწინაურდა. საბოლოოდ, დინამოელებმა ეს 10-წუთეული 9 ქულით მოიგეს.

“ქუთაისმა” ინიციატივა მეორე მეოთხედში მოიპოვა: ჯერ დიდი შესვენებისთვის სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მესამე მეოთხედი 9 ქულით მოიგო და ბოლო 10-წუთეულისთვის ექვს ქულას იგებდა.

მასპინძლებმა ამ სხვაობის ბოლომდე შენარჩუნება შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ “დინამომ” ერთხელ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 77:71 – მოიგო “ქუთაისმა” და სერიაში 1:0 დაწინაურდა. მეორე მატჩი ისევ ქუთაისში ხუთშაბათს, 18:30 საათზე გაიმართება.

ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გახდა დეჟუან რაითი. მას ექვს-ექვსი მოხსნა და პასი ჰქონდა. 14 ქულა და 7 პასი მოაგროვა ბექა წივწივაძემ. “დინამოში” 17 ქულით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, 15 ქულა დააგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლი (12 ქულა და 10 მოხსნა) ილია ლონდარიძემ გაიფორმა.