სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ტიტულისთვის იბრძოლებენ შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი და ინგლისელი ჯად ტრამპი.
ნახევარფინალში ჰიგინსმა დევიდ გილბერტი 17:16 დაამარცხა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მატჩის დიდი ნაწილი მდევრის როლში იყო, მაგრამ მოახერხა კარიერაში მერვედ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ექვსგზის ჩემპიონს სტივ დევისს, ხოლო ლიდერი ამ მაჩვენებლით შვიდგზის ჩემპიონი სტივენ ჰენდრია, რომელსაც ცხრაჯერ უთამაშია გადამწყვეტ მატჩში.
მეორე ფინალისტი ჯად ტრამპია, რომელმაც გაცილებით იოლად დაამარცხა გარი უილსონი (17:11), რომელიც სნუკერში მოსვლამდე ტაქსისტად მუშაობდა. მე-20 ფრეიმში ტრამპმა 114-ქულიანი სერია შეასრულა. ეს იყო ამ ჩემპიონატზე 87-ე “სენჩური”, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდია. 2015 და 2016 წლებში, 86 ასიანი სერია შეასრულდა.
2011 წელს, ჰიგინსი და ტრამპი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში. მაშინ 18:15 ჰიგინსმა გაიმარჯვა.
1/2 ფინალი
დევიდ გილბერტი (ინგლისი) – ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია) 16:17
გარი უილსონი (ინგლისი) – ჯად ტრამპი (ინგლისი) 11:17