ფინალი, სადაც კვეკვესკირმა ითამაშა, სკანდალური გამოდგა - „ლეხის“ ფანები ტრიბუნაზე არ შევიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ფინალი, სადაც კვეკვესკირმა ითამაშა, სკანდალური გამოდგა - „ლეხის“ ფანები ტრიბუნაზე არ შევიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

პოლონეთის თასის ფინალში, რომელშიც ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის „რაკუვმა“ ნიკა კვეკვესკირის „ლეხი“ 3:1 დაამარცხა, სკანდალური გამოდგა – ფინალი სანახევროდ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდა.

საქმე ისაა, რომ თამაშის დაწყებამდე ვარშავის სტადიონის ტრიბუნაზე არ შევიდნენ „ლეხის“ გულშემატკივრები, რომლებიც გუნდის 100 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. სტადიონის დაცვის სამსახურმა კი პოზნანელებს რატომღაც ტრიბუნაზე დიდი დროშების შეტანა აუკრძალა.

სხვა გულშემატკივრებმა, სოლიდარობის ნიშნად, უარი განაცხადეს ვარშავის სტადიონზე შესვლაზე. სტადიონის გარეთ არეულობა მოხდა ფანებსა და პოლიციას შორის, რის გამოც ძალოვანმა უწყებამ „ლეხის“ ფანების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვარშავის სახალხო სტადიონზე ფინალი ზეიმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ინციდენტმა საერთო ატმოსფერო აშკარად გააფუჭა. პოზნანელებზე მომხდარმა აშკარად უარყოფითად იმოქმედა – „რაკუვმა“ 3:1 მოიგო და პოლონეთის თასის მფლობელის სტატუსი დაიცვა – გუნდმა ეს ტიტული გასულ სეზონშიც მოიპოვა და საპატიო ტიტულის მფლობელი ისტორიაში მეორედ გახდა.

შეგახსენებთ, რომ „რაკუვის“ განაცხადში იყო ვაკო გვილია, მაგრამ წუთიც არ უთამაშია, ხოლო ლუკა გაგნიძე უცნობი მიზეზების გამო განაცხადშიც ვერ მოხვდა. „ლეხის“ შემადგენლობაში კი 84-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირი გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „რაკუვსპოზნანისლეხთან“ ჯერ ურთიერთობის გარკვევა არ დაუსრულებია. ორივე გუნდი პოლონეთის ჩემპიონატში პირველ ადგილს ინაწილებს – სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 65 ქულა დააგროვეს და ეროვნული თასის შემდეგ, მალე ჩემპიონატის გამარჯვებულსაც გამოავლენენ.