ფილიპინებში ტაიფუნს სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
ფილიპინებში ტაიფუნს სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში ტაიფუნ „გონის“ სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ფილიპინების ეროვნული საბჭოს ცნობით, ტაიფუნმა 370 000-ზე მეტი ოჯახი და ორ მილიონამდე ადამიანი დააზარალა. ამ დროისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ 400 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. 10 000-მდე ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონში გზების დიდი ნაწილი გადაკეტილი ან დაზიანებულია, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურების დაზარალებულ რაიონებში მისვლას ხელს უშლის.

ტაიფუნ „გონის“ თავდაპირველად სუპერტაიფუნის კატეგორია მიენიჭა, რომელიც მოგვიანებით ტაიფუნამდე, შემდეგ კი ტროპიკულ შტორმამდე შემცირდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილიპინების მახლობლად ახალი ტაიფუნი ყალიბდება, რომელიც სავარაუდოდ ისევ ფილიპინებს დაატყდება თავს.