ფილიპე კოუტინიო - ეს არ იყო ის, რასაც საკუთარი თავისგან ველოდი
ფილიპე კოუტინიო - ეს არ იყო ის, რასაც საკუთარი თავისგან ველოდი

ფილიპე კოუტინიო აღიარებს, რომ „ბარსელონაში“ ძალიან სუსტი სეზონი ჩაატარა.

26 წლის ბრაზილიელი „კამპ ნოუზე“ 2018 წლის იანვარში „ლივერპულიდან“ გადავიდა, როდესაც კატალონიელებმა მასში 160 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველი სეზონი მას ძალიან კარგი ჰქონდა, თუმცა მომდევნო წელს მისი საშემსრულებლო ხარისხი დრამატულად დაეცა და ახლა „ბარსა“ მის გაყიდვას ცდილობს.

„ნამდვილად არ მქონდა კარგი სეზონი“, – ამბობს კოუტინიო, რომელიც ამჟამად სამშობლოში იმყოფება და „კოპა ამერიკასთვის“ ემზადება, – „ჩემი დონე იმაზე დაბალი იყო, ვიდრე გულშემატკივრები ელოდნენ ჩემგან და ვიდრე თავად ველოდი საკუთარი თავისგან. რწმენის დაბრუნება მხოლოდ მძიმე შრომით არის შესაძლებელი და ახლა სწორედ ამას ვაკეთებ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ წელს არასახარბიელო სეზონი ჰქონდა: მიუხედავად ესპანეთის ჩემპიონობისა, გუნდმა სამეფო თასის ფინალში „ვალენსიასთან“ წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან“ ორი მატჩის ჯამში 3-4 (3-0, 0-4) დათმო და ტურნირს გამოეთიშა.