ფილიპ კლიაიჩი - კარგად თამაში და „აქტობეს“ დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT
ფილიპ კლიაიჩი - კარგად თამაში და „აქტობეს“ დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ სერბმა მეკარემ, ფილიპ კლიაიჩმა ყაზახურ „აქტობესთან“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელთა ახალწვეულმა ბოსნიაში, „სარაევოსთან“ განმეორებით შეხვედრაში ორი პენალტი მოიგერია, „ტორპედო“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა და მატჩის გმირი გახდა.

„ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნიაში კარგად ითამაშა. თამაშს თითქმის 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. მართალია, „სარაევომ“ ანგარიში გახსნა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ, რადგან ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მატჩის ბოლოს გოლის გატანა მოვახერხეთ და მერე ყველამ იცით, რაც მოხდა.

ევროპულ ტურნირზე იოლი თამაში არაა. ყველა მატჩი რთულია და აუცილებლად კარგად უნდა მოვემზადოთ. ნებისმიერ შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ „აქტობესთან“ მატჩის მოსაგებად.

ეს შესანიშნავი გუნდია, რომელიც ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხშირად თამაშობს, ჯგუფურ ეტაპთანაც ახლოს იყო. მათ კარგი ისტორია აქვთ, თუმცა ეს არაა მთავარი. ვფიქრობთ, შეგვიძლია სათანადოდ ვითამაშოთ და ეს შეხვედრა მოვიგოთ“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ გუნდს 27 ივლისს „შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.