ფილადელფიასა და ჩიკაგოში კომენდანტის საათი გაუქმდა
ფილადელფიასა და ჩიკაგოში კომენდანტის საათი გაუქმდა

ფილადელფიასა და ჩიკაგოში კომენდანტის საათი გაუქმდა. ქალაქებში კომენდანტის საათი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქციების გაკონტროლების მიზნით 30 მაისს შემოიღეს.

როგორც ამერიკული მედია წერს, აქციებს პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, რასიზმის საწინააღმდეგო აქციებმა მშვიდობიან ხასიათი მიიღო.

ფილადელფიის ადმინისტრაციამ მოსახლეობას კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ მეშვეობით მიაწოდა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა. ჩიკაგოს მერმა მოსახლეობას კომენდანტის საათის მოხსნის შესახებ „ტვიტერის“ მეშვეობით აცნობა.

„კომენდანტის საათი გაუქმებულია. მესმის, რომ ეს პერიოდი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის რთულია. მე მადლობას ვუხდი ჩვენს მოსახლეობას თანამშრომლობისთვის ამ რთულ პერიოდთან გასამკლავებლად“, – წერს ჩიკაგოს მერი ლორი ლაითფუტი სოციალურ ქსელში.