„ფილადელფიას“ და „დენვერს“ NBA-ის ნახევარფინალამდე თითო მოგება აშორებთ [ვიდეო] #1TVSPORT
„ფილადელფიას“ და „დენვერს“ NBA-ის ნახევარფინალამდე თითო მოგება აშორებთ [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთის კონფერენციაში „ფილადელფიამ“ „ბოსტონი“ დაამარცხა (115:103), ხოლო დასავლეთში „დენვერმა“ „ფინიქსს“ აჯობა – 118:102.

ფილადელფიელთა გამარჯვება უმთავრესად ემბიდისა და მაქსის დამსახურებაა. მათ, ჯამში, 63 ქულა ჩააგდეს: ჯოელ ემბიდმა – 33, ტაირის მაქსიმ – 30. ბოსტონელებს კი ჯეისონ ტეიტუმის 36-მა ქულამ ვერ უშველა. სერიის მეექვსე (ანგარიშია 3:2) მატჩი ფილადელფიაში 12 მაისს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები NBA-ის ნახევარფინალში გავლენ.

დასავლეთში, მართალია, „ფინიქსი“ „დენვერს“ სერიაში 2:3 ჩამორჩება, მაგრამ მეექვსე მატჩს შინ მართავს და ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი აქვს. შეგახსენებთ, საპლეიოფო სერიები ოთხ მოგებამდეა.

მეხუთე შეხვედრაში „დენვერს“ დიდი დახმარება გაუწია სერბმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა: 29 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი. „ფინიქსში“ 28 ქულით საუკეთესო დევინ ბუკერი იყო, დურანტმა 26 ქულა ჩააგდო. მეექვსე მატჩი 12 მაისს ჩატარდება.