ნიუ ორლეანში ამერიკული ფეხბურთის წლის მთავარი ღონისძიება – სუპერ ბოული გაიმართა, რომელშიც „ფილადელფია იგლზმა“ გასული ორი წლის გამარჯვებული „კანზას სიტი ჩიფსი“ 40:22 დაამარცხა.
„ფილადელფია იგლზმა“ პირველივე ტაიმში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა (24:0), რის შემდეგაც მეტოქემ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
„იგლზისთვის“ აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეორე იყო, ამ გუნდმა პირველ გამარჯვებას 2018 წელს მიაღწია. წლევანდელი სუპერბოულის მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) ფილადელფიელთა ქუოთერბექი ჯეილენ ჰერსთი გახდა.
მატჩის შესვენებისას ტრადიციული შოუც გაიმართა, რომლის მთავარი მონაწილეც გრემის მრავალგზის მფლობელი კენდრიკ ლამარი იყო. ჯერ უცნობია, დამყარდა თუ არა წლევანდელ სუპერბოულზე რეკორდი მაყურებელთა მხრივ. გასულ წელს შეხვედრას 123.4 მილიონმა ადამიანმა მიადევნა თვალი.