ფილ ფოდენის გოლმა მანჩესტერ სიტი ცხრილის სათავეში მოაქცია
ფილ ფოდენის გოლმა მანჩესტერ სიტი ცხრილის სათავეში მოაქცია

ფილ ფოდენის მიერ პრემიერლიგაში გატანილმა სადებიუტო გოლმა მანჩესტერ სიტი ცხრილის სათავეში მოაქცია, ტოტენჰემი კი მეხუთე ადგილამდე დაქვეითების საფრთხის წინაშე დააყენა. ეს გუნდები ბოლო ოთხ დღეში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივე მატჩი მანჩესტერში გაიმართა და ორივე სიტის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, თუ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთი ბურთის სხვაობით მოგება (4-3) მანჩესტერელებს ნახევარფინალში გასასვლელად არ ეყოთ, ამჯერად მინიმალური სხვაობა მათთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

18 წლის ფოდენმა გოლი სერხიო აგუეროს პასით გაიტანა და ეს მატჩის მეხუთე წუთზე მოხდა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და სიტიმ 1-0 გაიმარჯვა.

ახლა მანჩესტერელები 86 ქულით პირველ ადგილზე არიან, თუმცა მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ ლივერპულს, რომელიც კვირას, 21 აპრილს, კარდიფ სიტის სტუმრად ეთამაშება.

რაც შეეხება ტოტენჰემს, ლონდონური გუნდი 67 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა არსენალს და ჩელსის თავიანთი მატჩები ჯერ სათამაშო აქვთ და 23 აპრილისთვის შესაძლოა ლონდონელები მეხუთე ადგილამდე დაქვეითდნენ.