ფიგურული ციგურაობა - კაზაკოვა და რევია ტალინში მიმდინარე ტურნირის მოგების შანსს ინარჩუნებენ

სპორტულ ცეკვებში 2019 წლის იუნიორთა გრან პრის ფინალის გამარჯვებული ქართველი წყვილი, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, იუნიორთა შორის ტალინში მიმდინარე 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რითმული ცეკვის შემდეგ 69, 98 ქულით მეორე ადგილზე არიან.

სულ რაღაც 0.05 ქულიანი უპირატესობით პირველ პოზიციაზე არიან რუსეთის ჩემპიონები, 2019 წლის გრან პრის ფინალის ბრინჯაოს მედლის მფლობელი წყვილი ელიზავეტა შანაევა და დევიდ ნარიჟნი, ხოლო 68,27 ქულით მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ევონლი ნგუენი და ვადიმ კოლესნიკი არიან.

რითმული ცეკვის მაჩვენებლით მარია კაზაკოვა და გიორგი რევია დაჯილდოვდნენ მცირე ვერცხლის მედლებით.

საკმაოდ მაღალი კონკურენციაა სპორტულ ცეკვებში, რომელსაც ერთდროულად ის ხუთი წყვილი ქმნის, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციაზე არიან, თუმცა ჩემპიონატის ფავორიტებად კვლავ რჩებიან კაზაკოვა-რევიასა და რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოდგენილი წყვილები.

7 მარტს, ჩემპიონატის ბოლო სატურნირო დღეს, გაირკვევა სპორტულ ცეკვებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა. ქართველ წყვილს დიდი შანსი აქვს ამ სერიოზული კონკურენციის პირობებში ყველაზე მაღალი სინჯის მედლები მოიპოვოს, რაც 2019 წლის გარნ პრის ფინალში გამარჯვების ღირსეული გაგრძელება იქნება.

იუნორთა შორის მსოფლიო რეიტინგულ სიაში სპორტულ ცეკვებში ქართველი მოციგურავეები გიორგი რევია და მარია კაზაკოვა 2027 ქულით პირველ ადგილზე არიან.

რეიტინგს მსოფლიო საციგურაო კავშირი ყოველწლიურად ადგენს სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, გრან პრის ეტაპებზე, ფინალსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებითა და დაგროვილ ქულათა რაოდენობის მიხედვით.