ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვა - მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე, ორივე გამოსვლა წარმატებული იყო #1TVSPORT
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი გამოსვლა შეაფასა.
„ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიე – ორივე გამოსვლა წარმატებული იყო. თითოეულ პროგრამაზე მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი. ფინიშის შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ შევძელი ასეთი სტაბილური და ხარისხიანი შესრულება, რის გამოც საკუთარი თავით ვამაყობ. დაღლილობა ვიგრძენი, თუმცა გუნდურ შეჯიბრებაში თავს უკეთ ვგრძნობდი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე სწავლაზე კონცენტრირება მსურს. სპორტის უნივერსიტეტში ვსწავლობ, რათა მომავალში მწვრთნელი გავხდე. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატში მივიღებ მონაწილეობას, ხოლო ამის შემდეგ რა იქნება, ჯერ ვერ ვიტყვი“, – ამბობს საქართველოს ნაკრების წევრი.
გუბანოვამ ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეცხრე ადგილი დაიკავა. მან საკუთარი შედეგი გააუმჯობესა – 2022 წელს პეკინში ის მეათე პოზიციაზე გავიდა.