ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის მოსფლიოს ჩემპიონი გამოვლინდა
ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის მოსფლიოს ჩემპიონი გამოვლინდა

იაპონურ საიტამაში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ფიგურულ ციგურაობაში ქალებმა თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. ისევე როგორც მოკლე პროგრამაში, ამჯერადაც ქულათა საუკეთესო მაჩვენებელი რუს მოციგურავე ალინა ზაგიტოვას ჰქონდა. დღეს მან 155.42 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონი ჯამში 237.50 ქულით გახდა. ზაგიტოვას უკვე ჰქონდა ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულები, მსოფლიოს ჩემპიონატი კი პირველად მოიგო.

ვერცხლის მედლის მფლობელი ყაზახი ელიზაბეტ ტურსინბაევა გახდა. თავისუფალ პროგრამაში ის მეოთხე პოზიციაზე გავიდა, თუმცა ორი პროგრამის ჯამში დაგროვებული 224.76 ქულით, ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. 19 წლის სპორტსმენისთვის ეს პირველი მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე. აქამდე მას მხოლოდ ზამთრის უნივერსიადის, ოთხი კონტინენტის პირველობის, აზიის ზამთრის თამაშებისა და ახალგაზრდული თამაშების საპრიზო ადგილები ჰქონდა მოგებული. დღეს ყაზახმა მოციგურავემ ოთხმაგი სალხოვი გააკეთა, რაც პირველი ოთხმაგი ნახტომია ისტორიაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბრინჯაოს მედალს რუსი ევგენია მედვედევა დაეუფლა. ის თავისუფალ პროგრამაშიც მესამე იყო. ჯამში 223.80 ქულა დააგროვა და საკუთარ ყულაბას კიდევ ერთი მედალი შემატა. 19 წლის მედვედევას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები 2-2-ჯერ აქვს მოგებული. ორჯერ ოლიმპიური ვერცხლის მოპოვებაც შეძლო.

ხვალ საიტამაში ჩემპიონები მოცეკვავე წყვილებსა და კაცებში გამოვლინდებიან.