ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დებიუტანტმა მოიგო
ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი დებიუტანტმა მოიგო

მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შეჯიბრი სენსაციით დასრულდა. კონტინენტის საუკეთესო მოციგურავე ტურნირის დებიუტანტი სოფია სამოდუროვა გახდა. მან ოლიმპიურ ჩემპიონს ალინა ზაგიტოვას აჯობა. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 16 წლის რუსმა მოციგურავემ 213.84 ქულა დააგროვა. ზაგიტოვა კი მეორე ადგილზე გავიდა 198.34 ქულით. 194.40 ქულა მოიპოვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ფინელი ვივეკა ლინდფორსი.

სოფია სამოდუროვასთვის ეს პირველი მნიშვნელოვანი ტიტულია. აქამდე მას მხოლოდ ასაკობრივ ტურნირებში ჰქონდა წარმატებები. მოკლე პროგრამა ჰანს ციმერის კომპოზიციაზე Niah წარმოადგინა, თავისუფალი პროგრამა კი შერისა და კრისტინა აგილერას მიერ შესრულებულ Burlesque-ზე. მისი ნომრები რთული ელემენტებით დატვირთული არ იყო, თუმცა შესრულება იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ მაშინვე ცხადი გახდა, ტიტულს არავის დაუთმობდა.

;

უკვე მოკლე პროგრამის შემდეგ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ გასული წლის ევროპის ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა საუკეთესო ფორმაში არ არის. თავისუფალში ბევრი იბრძოლა, თუმცა ნახტომები არ გამოსდიოდა. არ გამოვიდა მისი სავიზიტო კასკადი ლუტცი-რიტბერგერი. სამმაგი ლუტცის მაგივრად, გაუგებარი ნახტომი გააკეთა. შედეგად მეორე ადგილს დასჯერდა.

ევროპის ჩემპიონატი 26 იანვარს დასრულდება. თავისუფალ პროგრამას ვაჟები წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის წარმოდგენის შემდეგ საუკეთესო 24 მოციგურავეს შორის ქართველი სპორტსმენები მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე მოხვდნენ. მაისურაძე ხვალ მეორე ნომრად, ყვითელაშვილი კი მერვე ნომრად გამოვა.