„ფიფპრო“-ს (FIFPro) გენერალური მდივანი - კრიზისი ლეგიონერებს აზარალებს, განსაკუთრებით გოგონებს
„ფიფპრო“-ს (FIFPro) გენერალური მდივანი - კრიზისი ლეგიონერებს აზარალებს, განსაკუთრებით გოგონებს

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის „ფიფპრო“-ს (FIFPro) გენერალური მდივანი ჯონას ბაერ-ჰოფმანი თვლის, რომ კოროვირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული გაურკვევლობა ფეხბურთელებს დიდ ფსიქოლოგიურ და ფინანსურ პრობლემებს უქმნის.

„მათი უმეტესი ნაწილისთვის ეს ინტენსიური და არასტაბილური სამუშაოა, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებული გაურკვევლობა ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ფეხბურთელებს შორის ბევრია ახალგაზრდა, რომლებმაც კონტრაქტები ხანგრძლივი ვადით გააფორმეს და სამშობლოდან და ოჯახიდან შორს არიან. უცნობია, ისინი ამ სეზონის შემდეგ რაიმე შემოსავალს მიიღებენ თუ არა. ბუნებრივია, სხვა ქვეყანაში ცხოვრებისას ეს ფაქტორი მათ ძალიან აშფოთებთ,“ – ამბობს „როიტერთან“ პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი.

ბაერ-ჰოფმანმა დაამატა, რომ ამ კუთხით უფრო გოგონა ფეხბურთელებს გაუჭირდებათ – „ცნობილია, რომ ქალი ფეხბურთელების ვითარება უფრო რთულადაა, ვიდრე კაცების, რადგან მათი ცხოვრების პირობები უფრო უარესია. საერთოდ, ქალთა ფეხბურთი კრიზისიდან უფრო მეტად დაზარალდება და დიდი საშიშროებაა, რომ კორონავირუსმა ქალთა ფეხბურთი ძალიან უკან დახიოს“.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში 19-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო, რომელიც კოროვირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.