„ფიფაში“ (FIFA) ყატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ
„ფიფაში“ (FIFA) ყატარისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) განიხილავს ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის ჩამორთმევის შესაძლებლობას.

18 ივნისს, საფრანგეთის პოლიციამ დააკავა „უეფას“ (UEFA) ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი. ის ფიგურირებს საქმეში, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის არჩევნებისას ყატარის სასარგებლოდ ხმების მოსყიდვას უკავშირდება.

გამოძიება ეხება 2010 წელს გამართულ შეხვედრას. საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეხვდა ყატარის ემირ ტამიმ ალ-ტანის. ამ შეხვედრაზე ფრანგმა მეორე მხარეს სთხოვა „პარი სენ-ჟერმენის“ შეძენა, აგრეთვე საფრანგეთში სპორტული არხის, BeIN Sports-ის გაშვება. ამის სანაცვლოდ, პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ იშუამდგომლებდა „უეფას“ მაშინდელ პრეზიდენტ მიშელ პლატინისთან, რათა უზრუნველეყო ყატარის მხარდაჭერა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლის არჩევნებზე.

როგორც TNT Sports-მა გაარკვია, პლატინის დაკავების შემდეგ, „ფიფაში“ იმართება საიდუმლო შეხვედრები, რომლებზეც სწავლობენ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხს.

მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში იქნება პირველი ისტორიაში, რომელიც შემოდგომა-ზამთარში გაიმართება. ტურნირის ჩატარების ვადებია 21 ნოემბერი-18 დეკემბერი.

დატოვე კომენტარი