ფიფა-მ იოზეფ ბლატერს შვეიცარიის პროკურატურაში უჩივლა
ფიფა-მ იოზეფ ბლატერს შვეიცარიის პროკურატურაში უჩივლა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) თავის ყოფილ პრეზიდენტს იოზეფ ბლატერს შვეიცარიის ქალაქ ციურიხის პროკურატურაში უჩივლა.

შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ ფიფას მუზეუმის მმართვისას, ბლატერმა და გარკვეული სამუშაოებისთვის დაქირავებულმა კომპანიებმა კანონი დაარღვიეს. როგორც ირკვევა, ფიფას მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მუზეუმის რენოვაციისთვისა და შენობის რემონტისთვის 140 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დახარჯა, რომელიც ორგანიზაციას არ ეკუთვნოდა.

ამასთან, 2045 წლამდე გათვლილი პროექტი 500 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად არის შეფასებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტულ საბაზრო ფასებს.

„მუზეუმთან დაკავშირებული ხარჯების, აგრეთვე, ფიფას წინა ადმინისტრაციის მუშაობის საერთო დონის გათვალისწინებით, ჩატარდა აუდიტი იმის გასარკვევად – რა ხდებოდა სინამდვილეში ოფისში. აუდიტმა გამოავლინა საეჭვო გარემოებათა ფართო სპექტრი და შეცდომები მმართველობაში, რომელთაგანაც ზოგიერთი, თავისი არსით, კრიმინალური ხასიათის იყო. ჩვენ იმ აზრამდე მივედით, რომ არ გვრჩება სხვა არჩევანი იმის გარდა, რომ პროკურატურას მივმართოთ“, – განაცხადა ფიფას გენერალური მდივნის თანაშემწემ ალასდერ ბელმა.

ფიფას მუზეუმის შენობა, რომელიც 10 სართულისგან შედგება, ხოლო დარბაზების საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, გამოძიების პერიოდში სამართავად ციურიხის კანტონის პროკურატურას გადაეცემა.

84 წლის ბლატერი ფიფას პრეზიდენტი იყო 1998-2015 წლებში. მან თანამდებობა კორუპციული სკანდალის შემდეგ დატოვა. ის ოფიციალურად არის ჩამოშორებული საფეხბურთო საქმიანობას.