ფიფა საფეხბურთო აგენტებს შეზღუდვებს დაუწესებს
ფიფა საფეხბურთო აგენტებს შეზღუდვებს დაუწესებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია უახლოეს დროში გეგმავს მთელი რიგი წესების შემოღებას, რომელიც შეზღუდავს საფეხბურთო აგენტების შესაძლებლობებს და შეამცირებს გარიგებებიდან მათ საკომისიო თანხებს. როგორც „მუნდო დეპორტივო“ წერს, ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების ბოლო რაუნდი.

ახალი წესები, რომელიც ძალაში 2021 წლის სექტემბრიდან შევა, იქითკენ არის მიმართული, რომ საფეხბურთო წარმომადგენლების მუშაობა უფრო პატიოსანი და გამჭვირვალე გახდეს. ამ წესების მიხედვით, ფიფა გაასაჯაროებს მონაცემებს აგენტების საკომისიო თანხების შესახებ, რომელსაც ისინი კლიენტებისგან მიიღებენ. ამით, ფიფა გეგმავს, ბოლო მოუღოს სამმაგ წარმომადგენლობას. ეს ის შემთხვევებია, როცა აგენტი წარმოადგენს მოთამაშესაც, გამყიდველ კლუბსაც და მყიდველ კლუბსაც. ახალი წესების თანახმად, აგენტი გარიგების თანხის 10 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.

რაც შეეხება საკომისიო თანხას მოთამაშის ხელფასიდან, ის სამ პროცენტამდე იქნება შეზღუდული. გარდა ამისა, ფეხბურთელების ნათესავებს არ შეეძლებათ იყვნენ მათი წარმომადგენლები, თუ არ ექნებათ ფიფა-სგან ლიცენზირებული აგენტის სტატუსი. თავის მხრივ, კლუბების ხელმძღვანელებსა და თავად კლუბებს უფლება აღარ ექნებათ იქონიონ წილი საფეხბურთო სააგენტოებში, რადგან ფიფა ამაში ინტერესთა კონფლიქტს ხედავს.