ფიფა-ს ტალანტების განვითარების კოორდინატორი – საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს #1TVSPORT

21:15, 07.08.2025

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ფიფა-ს ტალანტების განვითარების სქემის რეგიონული კოორდინატორი მარიანს პაჰარსი იმყოფებოდა – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სფფ-ის მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ლატვიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფიფა-ს გლობალურ პროგრამაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა განიხილა, რომელიც მიზნად მსოფლიო მასშტაბით ტალანტების აღმოჩენასა და განვითარებას ისახავს.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე და ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი. ვიზიტის დასკვნით დღეს პაჰარსი სფფ-ის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდა. ლატვიელი სტუმარი სფფ-ის ქუთაისის აკადემიასაც ესტუმრა, სადაც მწვრთნელებს შეხვდა და სავარჯიშო პროცესს დაესწრო.

მარიანს პაჰარსი: „ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი ტალანტების განვითარების პროგრამაა. ეს ფიფა-ს შესანიშნავი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელების მხარდაჭერას და ყველაფერს აკეთებს ფედერაციებისთვის, რათა მათ საკუთარი ნაკრებების პოტენციალი გაზარდონ.

ვფიქრობ, ბოლო წლებში საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა. გასულ წელს, ერთად ვზეიმობდით საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და წარმატებულ თამაშს. ეს აჩვენებს პროფესიონალიზმს და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოს ხარისხს. მთავარი საფეხბურთო ენთუზიასტები არიან, რომლებიც აქ მუშაობენ და სურთ, ქვეყანაში საფეხბურთო ეკოსისტემა შეცვალონ.

მჯერა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. საჭიროა მუშაობის გაგრძელება და გარკვეული სეგმენტების განვითარება. ფიფა და პირადად მე, როგორც ტალანტების განვითარების პროექტის კოორდინატორი, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად“.

მსგავსი