ფიფა-ს პრეზიდენტმა ქართველ ბავშვებს მიმართა - ეს არის პროექტი, რომელიც მილიონობით ბავშვის ცხოვრებას შეცვლის #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტმა ქართველ ბავშვებს მიმართა - ეს არის პროექტი, რომელიც მილიონობით ბავშვის ცხოვრებას შეცვლის #1TVSPORT

სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში განახლებული მოედანი გაიხსნა, რომელიც ფიფა-ს პროექტის, „ფიფა არენას“ ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებას სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფიფა-ს წევრი ასოციაციების ხელმძღვანელი ელხან მამადოვი, პროექტის, „ფეხბურთი სკოლებში“ მენეჯერი ნიკო ნუვანასაკი, ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

სტუმრებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ლევან კობიაშვილმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა და ელხან მამადოვმა. აგრეთვე, გავრცელდა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიდეომიმართვა.

„ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს. საქართველო ერთ-ერთია იმ პირველი 11 ქვეყნიდან, რომლებიც ოფიციალურად წარადგენენ „ფიფა არენას“ მინიმოედანს.

ეს არის პროექტი, რომელიც მილიონობით ბავშვის ცხოვრებას შეცვლის. ყველა ბიჭი და გოგონა იმსახურებს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას. ისინი იმსახურებენ უსაფრთხო სივრცეს თამაშის სწავლისა და განვითარებისთვის. სწორედ ეს არის პროექტის, „ფიფა არენას“ ჩანაფიქრი და საჩუქარი ქართველი ბავშვებისთვის.

თქვენ პირველები ხართ, მალე ბევრი სხვა ქვეყანაც შემოგიერთდებათ. ჩვენი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 1000 ახალი მოედნის მოწყობა. „ფიფა არენას“ გუნდი უზრუნველყოფს, რომ მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ დაუცველ ბავშვებს, ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცემათ. გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ იხალისებთ ფეხბურთის თამაშით“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა მიმართვაში.

განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები გამოიყენებენ. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც „ფიფა არენას“ პროექტის ფარგლებში ახალი მინიმოედანი გაიხსნა, უახლოეს პერიოდში კი მოედანი სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრშიც განახლდება.