ფიფა-ს პრეზიდენტმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვის მცდელობის გამო #1TVSPORT

08:01, 06.08.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ბოდიში მოიხადა იმ გეგმის გამო, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვას ისახავდა მიზნად.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცნობილი გახდა ფიფა-ს გეგმების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო FIFA Forward Enterprise-ი (FFE) – ახალი კომერციული სტრუქტურა, რომელსაც მიჰყიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე უფლებების ნაწილს. მოგვიანებით ინფანტინომ გადაწყვიტა უარი ეთქვა ამ იდეაზე საფეხბურთო კონფედერაციების მხრიდან კრიტიკისა და უეფა-ს მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის ფონზე.

„გულწრფელ ბოდიშს ვიხდით ამ შეცდომების გამო და გპირდებით, რომ ეს აღარ განმეორდება. ჩავატარებთ აუცილებელ ანალიზს და ანგარიშს წარმოვადგენთ ფიფა-ს საბჭოს მომდევნო სხდომაზე.

უფრო მეტიც, როგორც უკვე ცნობილია, ეს წინადადება, რომელიც ფიფა-ს წევრ ასოციაციებსა და ფიფა-ს საბჭოს უნდა დაემტკიცებინათ, ამჟამად აღარ განიხილება. პროექტის დახურვასთან დაკავშირებით ფიფა აღარ შეეგუება არანაირ თავდასხმას თავისი კეთილსინდისიერების, უნარიანი მმართველობის პრინციპებისა და დადგენილი პროცედურების დაცვის მიმართ და მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას საკუთარი სახელისა და რეპუტაციის დასაცავად და შესანარჩუნებლად.

ყოველთვის შესაძლებელია რაღაცაზე სწავლა და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პროცესების სრულყოფას მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ყველაფერი, რაც გაკეთდა, სრულ შესაბამისობაში იყო ფიფა-ს ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზასთან.

თქვენთან ერთად აქტიურად შევისწავლით ფეხბურთის განვითარების შემდგომი მხარდაჭერის შესაძლებლობებს FIFA Forward-ის პროგრამის ფარგლებში, ფიფა-ს 211 წევრი ასოციაციის, კონფედერაციებისა და რეგიონული გაერთიანებების ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენ სრულად მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომელიც შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით წარმოიშვას და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში“, – ნათქვამია ფიფა-ს საბჭოს წევრებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გენერალური მდივანი მათიას გრაფსტრიომი აწერენ ხელს.

მსგავსი