ფიფა-ს პრეზიდენტმა ბალოგუნის დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა – ბელგიის ნაკრების მეკარემ საკამათო გადაწყვეტილება გააკრიტიკა #1TVSPORT

23:03, 06.07.2026

ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კომენტარი გააკეთა აშშ-ის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე, რაც მას საშუალებას მისცემს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიის წინააღმდეგ ითამაშოს.

„წავიკითხე საჯარო კომენტარები ფიფა-ს დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტის მიერ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ფიფა-ს მმართველობის ფუნდამენტური პრინციპი.

ფიფა-ს სასამართლო ორგანოები დამოუკიდებელია. ისინი ავტონომიურად მოქმედებენ, ფიფა-ს სადისციპლინო კოდექსს ეყრდნობიან და გადაწყვეტილებებს მოქმედი წესებისა და საქმის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე იღებენ. მათი დამოუკიდებლობა აუცილებელია ფეხბურთის სანდოობისა და მთლიანობისთვის, ეს კი ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

დიახ, მე რეგულარულად განვიხილავ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად. ამ საკითხზე დონალდ ტრამპმაც დამირეკა. ასევე მეხმიანებიან სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობისა თუ საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლები და მსოფლიოს სხვადასხვა ბიზნესლიდერი, რომლებთანაც სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ. ჩვენი საუბრისას განვმარტე, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლებშიც ფიფა-ს დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოები არიან ჩართულნი და რომ საქმეს კომპეტენტური უწყებები შესაბამის დროს განიხილავენ. ასე მუშაობს ფიფა-ს სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ.

ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებებს მათი მიღებისთანავე ვეცნობი. ზოგჯერ ისინი მაკვირვებს, ზოგჯერ ვეთანხმები, ზოგჯერ – არა. თუმცა ყოველთვის პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებებსა და მათი მიმღები ორგანოების ავტონომიას. პირადად მოგვწონს თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა სწორედ ის არის, რაც ნებისმიერ დროს იცავს ჩვენი შეჯიბრებების მთლიანობასა და ფიფა-ს ავტორიტეტს“, – აცხადებს ინფანტინო.

ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუამ კი ფიფა-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა:

„ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის დიდად არაფერს ცვლის, მაგრამ ფიფა-ს მიმართ კითხვებს აჩენს. რა თქმა უნდა, გაგვიკვირდა, რომ გადაწყვეტილება მატჩის წინა დღეს მიიღეს. თუმცა მატჩი უნდა მოვიგოთ იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ბალოგუნი მოედანზე. რთულ დაპირისპირებას ველით, რადგან სტადიონი ჩვენ წინააღმდეგ იქნება“, – ციტირებს კურტუას სიტყვებს Footmercato.

მსგავსი