ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ნახევრად შოუს სახე ექნება #1TVSPORT

18:53, 05.03.2025

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, ამერიკული ფეხბურთის ფინალის, „სუპერბოულის“ შთაგონებით, ნახევრად შოუს სახე ექნება.

2026 წლის მუნდიალი ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიება იქნება ისტორიაში. მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს 32-ის ნაცვლად. ტურნირის ფინალი 19 ივლისს ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე გაიმართება, რომელიც 82 500 ადამიანს იტევს.

როგორც ინფანტინომ სოციალურ ქსელში დაწერა, მსოფლიოში უდიდესი სპორტული ღონისძიებისთვის შესაფერისი მუსიკალური შოუ მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ჩატარდება. მან ასევე გაამჟღავნა, რომ ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი „ქოლდფლეი“ ფიფა-სთან ითანამშრომლებს მუსიკალური შემსრულებლების შერჩევასა და შოუს ორგანიზებაში.

„ვისაუბრე მეგობრებთან და კოლეგებთან, რომლებიც ესწრებოდნენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული და მედიაპარტნიორების კონვენციას დალასში. ჩვენ განვიხილეთ ძალიან საინტერესო გეგმები ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

შემიძლია, დავადასტურო, რომ ნიუ იორკ/ნიუ ჯერსიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ შოუ გაიმართება Global Citizen-ის მხარდაჭერით. ეს იქნება ისტორიული მომენტი ფიფა-სთვის.

ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფიფა დაიკავებს თაიმ სქვერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბოლო კვირის განმავლობაში – მესამე ადგილის მატჩისა და ფინალის დროს.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო „ქოლდფლეის“ წევრებს, კრის მარტინსა და ფილ ჰარვის, რომლებიც ფიფა-სთან ერთად იმუშავებენ, რათა საბოლოოდ შეირჩეს შემსრულებლები, რომლებიც არა მხოლოდ შოუზე გამოვლენ, არამედ თაიმ სქვერზე გასამართ ღონისძიებებშიც მიიღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა ინფანტინომ.

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – მექსიკაში, კანადასა და აშშ-ში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება.

მსგავსი