ფიფა-ს პრეზიდენტი - ეს ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატია, საუკეთესო გუნდებით და საუკეთესო ფეხბურთელებით #1TVSPORT
ფიფა-ს პრეზიდენტი - ეს ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატია, საუკეთესო გუნდებით და საუკეთესო ფეხბურთელებით #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კმაყოფილია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობით.

ინფანტინომ განაცხადა, რომ ტურნირის იდეა, დიდი ხანია, არსებობდა ფიფა-ს ხელმძღვანელებში და ახლა საუკეთესო მომენტი დადგა მის განსახორციელებლად.

„შესაძლოა, მცირე კრიტიკა არსებობს, მაგრამ ეს რაღაც ახალია, რაღაც განსაკუთრებული. ეს ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატია, საუკეთესო გუნდებით და საუკეთესო ფეხბურთელებით.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შექმნისთვის შესაფერისი მომენტი მოვიდა. უკვე 100 წელია, ვიცით, რომელი ქვეყანაა საუკეთესო, მაგრამ ამ წლამდე არ ვიცოდით, რომელი იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. ასე რომ, ვიფიქრეთ ასეთი სახით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარება კარგი იდეა იქნებოდა. ვფიქრობ, აქ მოთამაშე ფეხბურთელებს ტურნირი ძალიან მოსწონთ. ჰარი კეინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არის ბრწყინვალე ჩემპიონატი. ფეხბურთელებს ის ძალიან მოსწონთ. ხოლო ისინი, ვინც აქ ვერ ჩამოვიდნენ, რა თქმა უნდა, ისურვებდნენ აშშ-ში ყოფნას“, – განაცხადა ინფანტინომ.

გარდა ამისა, ფიფა-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაანახებს ახალგაზრდა ამერიკელებს ფეხბურთის რეალურ ღირსებებს.

„საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა უნდა აჩვენოს ახალგაზრდა ამერიკელებს, რომ თუ თქვენ ნიჭიერი ხართ, არ არის საჭირო სპორტის სხვა სახეობაში გადასვლა, რადგან ფეხბურთის გავლითაც შესაძლებელია დიდების მიღწევა.

თუ საფეხბურთო გზას აირჩევთ, შეგიძლიათ გახდეთ ცნობილი და მდიდარი. მაგრამ დღეს ახალგაზრდა ამერიკელები ამ გზას ვერ ხედავენ. ისინი ირჩევენ NFL-ს, NBA-ს, ბეისბოლს ან ჰოკეის. მაგრამ ჩვენ მათ და მათ ქვეყანას ვაჩვენებთ ფეხბურთის ძალას“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა.