ფიფა-ს დახმარებით ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში (ვიქტორ კუპრაძის და იოთამ ზედგინიძის ქუჩების კვეთაზე) განახლებული მოედანი გაიხსნება. ცერემონია 28 აპრილს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.
მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიფა-ს პროექტის, „ფიფა არენის“ ფარგლებში. ასევე განახლდა მოედანი სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში. ფიფა-ს პროექტით, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ორივე ცენტრში უმაღლესი ხარისხის ხელოვნური საფარი დააგეს.
ვარკეთილის განახლებულ სტადიონს, სფფ-ის მენეჯმენტთან ერთად, ფიფა-ს წევრი ასოციაციების ხელმძღვანელი ელხან მამადოვი და პროექტის „ფეხბურთი სკოლებში“ მენეჯერი ნიკო ნუვანასაკი დაათვალიერებენ. ისინი თბილისს სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ესტუმრებიან.
განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები გამოიყენებენ. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც „ფიფა არენის“ პროექტის ფარგლებში ახალი მოედანი გაიხსნება.