ფიფა რასიზმისთვის ტექნიკურ წაგებას დაუშვებს
ფიფა რასიზმისთვის ტექნიკურ წაგებას დაუშვებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) წარმოადგენს ახალ დისციპლინარულ კოდექსს, რომელშიც ერთ-ერთი სიახლე იქნება მატჩების მსაჯების უფლებათა გაზრდა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაჟინებით მოითხოვა რასიზმისა და დისკრიმინაციისთვის სასჯელის შემოღება როგორც ფეხბურთელების, ასევე ფანების მხრიდან. ექვს სხვა საფეხბურთო კონფედერაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, სპეციალისტებმა განიხილეს სადისციპლინო სანქციების ახალი ვარიანტი.

როგორც Sky Sports წერს, მსაჯი მიიღებს უფლებას – შეაჩეროს შეხვედრა რასიზმის ან დისკრიმინაციის გამოვლენის შემთხვევაში და ჩაუთვალოს ტექნიკური წაგება დამნაშავე მხარეს.

ასევე აღნიშნავენ, რომ სასჯელი სამეტაპიანი იქნება – თავიდან არბიტრი ვალდებულია საჯაროდ მოითხოვოს დარღვევის შეწყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მატჩის მსვლელობისას ინციდენტი განმეორდება, აუცილებელი იქნება თამაშის შეწყვეტა და ისევ ახსნა-განმარტება, რომ ამგვარი საქციელი მიუღებელია. პირველი ორი ეტაპის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ტექნიკური დამარცხების მინიჭება დამრღვევი მხარისთვის.

ასევე საინტერესოა, რომ თუ ადრე რასიზმის გამოვლენისთვის სასჯელი იყო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ახლა ჯარიმა გაორმაგდება – 10 მატჩი. ხოლო თუ გულშემატკივრები იქნებიან შემჩნეულნი რასიზმში, მაშინ კლუბებისთვის სასჯელი იქნება სტადიონის დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 18 ათასი ევროს ოდენობით.

ახალი კოდექსი თავიდან იმოქმედებს ტურნირებზე ფიფას ეგიდით, შესაბამისად, ის ძალაში შევა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.