ფიფა მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16-ფინალიდან პენალტების სერიის პროცედურის შეცვლას გეგმავს #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას ახალი წესის შემოღებას აპირებს. კერძოდ, ჯანი ინფანტინოს ორგანიზაციას განზრახული აქვს, შეცვალოს პლეიოფის მატჩებში პენალტების სერიის ჩატარების პროცედურა.
ფიფა-ს ჩანაფიქრით, ახალი წესი 1/16-ფინალიდან ამოქმედდება და ის შეეხება პენალტების სერიის დაწყებისა და კარის არჩევის კენჭისყრას.
მოქმედი წესი ითვალისწინებს პენალტების სერიის წინ მონეტის ორჯერ აგდებას. პირველი აგდებისას ორი კაპიტანი წყვეტს – ვინ დაარტყამს პირველი და ვინ მეორე: არჩევანს აკეთებს ის გუნდი, რომელმაც მოიგო მონეტის პირველი აგდება.
მეორე კენჭისყრა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, მოედნის რომელ მხარეს გაიმართება პენალტების სერია. ტრიბუნებზე გულშემატკივრების გავლენისა და თავად პროცესთან დაკავშირებული წნეხის გათვალისწინებით, კარის არჩევა ხშირად გადამწყვეტი ხდება.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალში „არსენალმა“ ორივე კენჭისყრა წააგო. ამიტომაც „პარი სენ-ჟერმენმა“ დაიწყო სერია და აირჩია ის კარი, რომლის უკან მისი გულშემატკივრები ისხდნენ.
ახლა ფიფა-ს სურს ამ წესის შეცვლა, კერძოდ, მონეტის ერთხელ აგდება. კენჭისყრის მოგებული აირჩევს ან პენალტების სერიის დაწყებას, ან მოედნის მხარეს, კენჭისყრის წაგებულს კი შეხვდება მეორე ვარიანტი.