ფიფა მექსიკაში არსებული ვითარების გამო მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩების გადადებას განიხილავს #1TVSPORT
ფიფა მექსიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის მატჩების გადადების შესაძლებლობას განიხილავს. მიზეზად ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესება სახელდება, – ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ფინალური ეტაპის მატჩების ჩატარებაც. 22 თებერვალს მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური ოპერაცია ჩაატარა რუბენ ნემესიო ოსეგუერა სერვანტესის, იგივე „ელ მენჩოს“ დასაკავებლად. იგი „ხალისკოს ახალი თაობის“ კარტელის ლიდერად მიიჩნეოდა. არსებული ცნობებით, მეხიკოში გადაყვანისას მიღებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა.
ოპერაციას მასშტაბური არეულობა მოჰყვა – სულ მცირე, რვა შტატის ათობით ქალაქში დაწვეს ავტომობილები, გადაიკეტა გზები და იყო თავდასხმები უსაფრთხოების ძალებზე. ვითარების გამო უკვე გადაიდო როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ეროვნული ჩემპიონატების რამდენიმე შეხვედრა.
საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის მატჩები 27 მარტსა და პირველ აპრილს არის დაგეგმილი. ერთ ნახევარფინალში ერთმანეთს ახალი კალედონია და იამაიკა უნდა შეხვდნენ, ხოლო მეორეში – ბოლივია და სურინამი. პირველ წყვილში გამარჯვებული მუნდიალის საგზურისთვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეხვდება, შემდეგ წყვილში უძლიერესი კი – ერაყს.
მექსიკა ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი კანადასა და აშშ-თან ერთად.