ფიფა-მ სენეგალის ნაკრები დააჯარიმა #1TVSPORT
ფიფა-მ სენეგალის ნაკრები დააჯარიმა #1TVSPORT

ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა სენეგალის ფეხბურთის ფედერაციას 10 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, – იტყობინება ფიფა-ს პრესსამსახური.

მიზეზი სენეგალის ნაკრების მიერ მედიის შესახებ რეგულაციების დებულებების დარღვევა გახდა. სენეგალი-ეკვადორის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სენეგალის ნაკრების არცერთი ფეხბურთელი არ იმყოფებოდა, თუმცა ამას ფიფა-ს რეგლამენტი მოითხოვს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელების არყოფნა იმით ახსნა, რომ არ სურდა, მატჩამდე რომელიღაც ფეხბურთელი სტადიონამდე გზაში სამი საათი შეყოვნებულიყო.

შეგახსენებთ, რომ, ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, სენეგალის ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა და კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში A ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.

ტურნირი ეკვადორმა (4) დაასრულა. A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა ნიდერლანდები (7), ბოლო პოზიციაზე კი კატარი (0) დარჩა.