ფიფა-მ საქართველოს ფედერაციას კვლევის შედეგები წარუდგინა - ონლაინ შეხვედრაზე სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს #1TVSPORT
ფიფა-მ საქართველოს ფედერაციას კვლევის შედეგები წარუდგინა - ონლაინ შეხვედრაზე სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ შეხვედრაში, რომელიც ფიფა-ს პროექტის („გლობალური საშეჯიბრო კონკურენციის ზრდა – ტალანტების განვითარების ეკოსისტემის ანალიზის“) წარმომადგენლებთან ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

Bridging the Gap ფიფა-ს „ტალანტების განვითარების“ პროგრამის ახალი პროექტია და ტალანტების განვითარების კომპანია Double Pass-თან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია, რომ ფიფა-ს წევრ ასოციაციებს ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული საფეხბურთო აკადემიებისა და სკოლების განვითარებას, ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენასა და განვითარებას.

შეხვედრას სფფ-ის მხრიდან ესწრებოდნენ პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენმდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.

პროექტის განხორციელება მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2020 წელს დაიწყო და სფფ მისი ერთ-ერთი მონაწილე იყო. „გლობალური საშეჯიბრო კონკურენციის ზრდა“ მიზნად ისახავს ეროვნულ ფედერაციებში კვლევის საფუძველზე არსებული ვითარების შეფასებას და ანალიზის შედეგად სამომავლო განვითარების სტრატეგიის განსაზღვრავს.

ფიფა-ს სამუშაო გუნდმა ერთი წლის განმავლობაში კვლევა ჩაატარა ისეთ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა მენეჯმენტი, ეროვნული ნაკრები გუნდები, ეროვნული ჩემპიონატები, განათლება, საფეხბურთო აკადემიები, ტალანტების განვითარება და აღმოჩენა. კვლევის შედეგები კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრაზე წარუდგინეს და სამომავლო განვითარების შესახებ ერთობლივად იმსჯელეს“, – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

საინტერესოა, რომ პროექტი 2020 წელს დაიწო და მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-ს წარუდგინა სამი საფეხბურთო აკადემია და ათი საფეხბურთო სკოლა. ფიფა-სთვის საბოლოო სიის წარდგენისთვის სკოლებისა და აკადემიების შერჩევა 2018-19 წლის კატეგორიზაციის ციკლის შედეგებზე დაყრდნობით მოხდა.

სკოლები და აკადემიები ფიფა-ს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. გარდა ტექნიკური პირობებისა, შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყო ის სამი აკადემია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს კადრებით რეგულარულად ამარაგებს. რაც შეეხება საფეხბურთო სკოლებს, კრიტერიუმების მიხედვით მათ უნდა ჰქონოდათ სხვებისგან გამორჩეული კარგი პირობები ფეხბურთელების წვრთნა-განათლებისთვის, მათ შორის, ქალთა ფეხბურთის განვითარების პოლიტიკა.

ფიფა-ს პროექტში მონაწილე აკადემიებისა და სკოლების ჩამონათვალი:

1. დინამო თბილისი

2. ლოკომოტივი

3. საბურთალო

4. მარტვილის ფეხბურთის სკოლა – ბიჭები/გოგონები

5. ნორჩი დინამო მერანი – ბიჭები/გოგონები

6. ტორპედო

7. ბათუმის დინამო

8. ჩიხურა

9. გორი

10. სულაქველიძის აკადემია

11. 35-ე სკოლა

12. სამტრედია

13. წყალტუბო