ფიფა-მ პარედესი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია 321 ათასს გადაიხდის #1TVSPORT

10:47, 22.08.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა)არგენტინის ნაკრების წარმომადგენლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მათი ქცევის გამო სხვადასხვა სახის სასჯელი გამოუტანა.

ფინალური მატჩის დასრულებისთანავე გუნდებს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც გრანდიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. არგენტინის ნაკრების მცველმა ნაუელ მოლინამ მკერდში ხელი დაარტყა ესპანელთა კაპიტან როდრის. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რომელსაც სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ. ერთ-ერთი იყო ლეანდრო პარედესი.

თავდაპირველად, პარედესმა აგრესიულად უბიძგა ესპანეთის ნაკრების მცველს ერიკ გარსიას, შემდეგ კი ყელში წვდა მას. გარსიას დაცვა სცადა გავიმ, რომელიც პარედესმა მინდორზე დააგდო.

გარდა ამისა, არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო აიალამ საფინალო სასტვენის შემდეგ ესპანელ ნახევარმცველ დანი ოლმოს სახეში გაარტყა. ამის შემდეგ, ერიკ გარსიამ არგენტინელს მსუბუქად ჰკრა ხელი მკერდის არეში.

ფიფა-ს გადაწყვეტილებით, პარედესმა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 90 ათასი დოლარით დაჯარიმდა. მოლინა 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და იგივე ოდენობის თანხით დასაჯეს.

ტიაგო ალმადასა და გავის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 30 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს. სამი მატჩითა და 30 ათასი დოლარით დაისაჯა რობერტო აიალა.

ფიფა-მ ასევე სოლიდური თანხით დააჯარიმა არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია. კერძოდ, არგენტინულმა მხარემ უნდა გადაიხადოს 321 ათასი დოლარი. სასჯელის მიზეზთა შორის, ფიფა-მ გულშემატკივრების მხრიდან დისკრიმინაციული და რასისტული შეძახილები, წესრიგის დარღვევა და ტურნირის არასპორტული ხასიათის დემონსტრაციებისთვის გამოყენება დაასახელა.

გამოცემა TyC Sports-ის ინფორმაციით, ფულადი ჯარიმის ნაწილი უკავშირდება ბანერს, რომელიც ფეხბურთელებმა მინდორზე გაშალეს. ბანერზე ეწერა, რომ ფოლკლენდის კუნძულები არგენტინის კუთვნილებაა.

გარდა ამისა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დარღვევების გამო, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციას დაევალა ნაკრების მომდევნო ორი საშინაო მატჩი მაქსიმუმ 50 პროცენტით შევსებული ტრიბუნების ფონზე ჩაატაროს.

მსგავსი