ფიფა-მ „დნიპრო-1“-ის წინააღმდეგ კანკავას სარჩელი არ დააკმაყოფილა
ფიფა-მ „დნიპრო-1“-ის წინააღმდეგ კანკავას სარჩელი არ დააკმაყოფილა

ჯაბა კანკავამ ფიფა-სგან მიიღო უარი სარჩელზე, რომლის მიზანიც იყო, დნეპროპეტროვსკის „დნიპრო1“ მისი ყოფილი კლუბის, „დნიპროს“ სამართალმემკვიდრედ ეცნოთ, – ინფორმაციას უკრაინული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ფიფა-მ უარყო კანკავას სარჩელი და დაადგინა, რომ „დნიპრო-1“ არ არის „დნიპროს“ სამართალმემკვიდრე. ქართველმა ნახევარმცველმა „დნიპრო-1“-ს მოსთხოვა დავალიანების გადახდა, რაც მის წინაშე „დნიპროს“ ჰქონდა“, – წერია „დნიპრო 1“-ის განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ვალენსიენის“ 34 წლის ფეხბურთელის მიმართ დავალიანება ჰქონდა, მაგრამ კლუბი გაკოტრებულად გამოაცხადეს, მის ნაცვლად ამავე ქალაქში დაფუძნებული კლუბის, „დნიპრო1“-ის მეპატრონემ კი ვალების გასტუმრება იმ მოტივით არ ისურვა, რომ კანკავას ყოფილ კლუბთან არაფერი აკავშირებდა.

კანკავას „დნიპროსთან“ ხელშეკრულება 2007 წლიდან 2015 წლამდე აკავშირებდა. მისი ფორმით კანკავამ 2015 წელს ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა. „დნიპრო-1“-ის დაარსების თარიღი 2017 წლის 10 მარტია. „დნიპროს“ გაუქმების ოფიციალურ თარიღად 2019 წლის 1 ივლისი ითვლება, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კლუბი სამოყვარულო ჩემპიონატშიც აღარ ითამაშებდა.