ფიფა-მ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობას ნახევრადავტომატური სისტემა გამოავლენს #1TVSPORT
ფიფა-მ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობას ნახევრადავტომატური სისტემა გამოავლენს #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებში იმოქმედებს მსაჯების დახმარების ნახევრადავტომატური სისტემა, რომლის დანიშნულება იქნება – სწრაფად და ზუსტად განისაზღვროს თამაშგარე მდგომარეობა.

ახალ ტექნოლოგიაში გამოყენებული იქნება სტადიონის სახურავზე დამონტაჟებული 12 კამერა. ეს კამერები მიმართული იქნება ბურთისკენ და თითოეული ფეხბურთელის სხეულზე წინასწარ განსაზღვრული 29 წერტილისკენ.

ეს საშუალებას იძლევა განისაზღვროს მოთამაშის კიდურების ზუსტი მდგომარეობა ოფსაიდის დადგენის დროს. გარდა ამისა, ბურთში მოთავსებულია გადამცემი, რომელიც წამში 500-ჯერ გასცემს ინფორმაციას თავისი ადგილმდებარეობის შესახებ.

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კიდურებისა და ბურთის ადგილმდებარეობის ანალიზისას, ახალი ტექნოლოგია ავტომატურად აუწყებს ვიდეორეფერის თამაშგარის შესახებ. ამის შემდეგ, VAR-ის მსაჯი ხელით ამოწმებს ეპიზოდს, შემდეგ კი მას შეუძლია მიმართოს მთავარ არბიტრს. მსაჯის მიერ გადაწყვეტილების დადასტურების შემდეგ, იქმნება ეპიზოდის 3D ანიმაცია, რომელსაც უჩვენებენ ტაბლოზე და ტელეტრანსლიაციის დროს.