ფიფა-მ არაბულთან დავაში „პანიონიოსი“ გაამართლა - ქართველი თავდამსხმელი კუთვნილ თანხას ვერ მიიღებს #1TVSPORT
ფიფა-მ არაბულთან დავაში „პანიონიოსი“ გაამართლა - ქართველი თავდამსხმელი კუთვნილ თანხას ვერ მიიღებს #1TVSPORT

საბერძნეთის სუპერლიგიდან მესამე დივიზიონში დაქვეითებულმა „პანიონიოსმა“ ფიფა-ში ბაჩანა არაბულთან დავა მოიგო და ქართველი თავდამსხმელის წინაშე დავალიანებისგან გათავისუფლდა, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა sport24.gr ავრცელებს.

ქართველი თავდამსხმელი „პანიონიოსში“ 2019-2020 წლებში თამაშობდა და მისი ფორმით საბერძნეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა. გუნდი 2020 წელს სუპერლიგიდან გავარდა. სასამართლო დავა ახლა დასრულდა და მოულოდნელად, მსოფლიო ფეხბურთის სახლმა ბერძნული კლუბი გაამართლა.

საბერძნეთის სუპერლიგის 2019-20 წლების ჩემპიონატში „პანიონიოსმა“ ლიცენზია ვერ მიიღო, რის გამოც ჩემპიონატი 6 ქულით და სატრანსფერო აკრძალვით დაიწყო, საბოლოოდ კი სუპერლიგა 2-ში დაქვეითდა. გუნდი მეორე ლიგაშიც ვერ დარეგისტრირდა და ლიგა ნაციონალში, ანუ სამოყვარული ლიგაში თამაში მოუხდა. ის სეზონი კლუბმა პირველ ადგილზე დაუმარცხებლად დაასრულა. თუმცა 2 მილიონ ევრომდე ვალების გამო, საბოლოოდ, 2021-22 წლების სეზონში მესამე სამოყვარულო ლიგაში დარჩა და ამჟამად, მესამე დონეზე თამაშობს.

დავალიანების ნაწილი კლუბს ბაჩანა არაბულთანაც დაუგროვდა და 2020 წელს სუპერლიგის „ლამიაში“ გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა მოითხოვა გუნდისგან დავალიანების გადახდა და ამტკიცებდა, რომ სამოყვარულო ლიგაში დაქვეითებული გუნდი ძველი კლუბის სამართლმემკვიდრეა.

„ფიფა აღიარებს „პანიონისის“ სამოყვარულო სტატუსს, რომელიც ვერ გააფორმებს პროფესიულ საფეხბურთო კონტრაქტებს, რადგან სამოყვარულო კლუბს არ შეუძლია ფეხბურთელებთან პროფესიონალური კონტრაქტები დადოს. ასეთი შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ პროფესიულ კლუბებს, სამოყვარულო კლუბი არაა პროფესიული საფეხბურთო კომპანიის გაგრძელება. ამიტომ მოთამაშის პრეტენზიები, რომ ის სუპერლიგის კლუბის სამართალმემკვიდრეა, ფიფა-მ არ განიხილა. არაბული ერთი წელი (2019-2020) იყო „პანიონიოსის“ ფეხბურთელი და გუნდის დაქვეითების გამო თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა“, – წერს ბერძნული გამოცემა sport24.gr.

ამ ვითარებაში ყველაზე კომიკური ისაა, რომ გამოცემის მტკიცებით, „პანიონიოსი“ ქართველი თავდამსხმელის მოთხოვნის სამართლიანობას აღიარებს:

„ბაჩანა არაბულმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამოყვარულო კლუბი სუპერლიგის „პანიონიოსის“ ბუნებრივი გაგრძელებაა. თავად „პანიონიოსი“ სპორტსმენს ემხრობა და წარმატებას უსურვებს ამ სირთულეების დაძლევაში და სურს, რომ არაბული, როგორც სპორტსმენი, გამართლდეს და მიიღოს ის, რაც შესაბამისი ვალდებულებების მქონე კომპანიებს ევალებათ“.

რეალურად, ამჟამადაც „პანიონიოსი“ ყველა საერთაშორისო ცნობაში სუპერლიგის კლუბის სამართალმემკვიდრედ არის დასახელებული და მის წარსულში ის პერიოდია მოხსენიებული, როდესაც ქართველი თავდამსხმელი მისი სახელით თამაშობდა. თუმცა ფიფა-მ ქართველის მოთხოვნა არ განიხილა.