ფიფა-მ ანტონიო რიუდიგერის მიმართ შესაძლო რასისტულ შეურაცხყოფაზე გამოძიება დაიწყო #1TVSPORT
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დისციპლინარული გარჩევა დაიწყო მექსიკური „პაჩუკას“ მცველის, გუსტავო კაბრალის მიმართ, რომელსაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში კონფლიქტი ჰქონდა მადრიდელთა მცველთან, ანტონიო რიუდიგერთან.
შეხვედრის კომპენსირებულ დროში მთავარმა არბიტრმა, რამონ აბატიმ გაააქტიურა ანტიდისკრიმინაციური პროტოკოლი. რიუდიგერი ამტკიცებდა, რომ მექსიკური კლუბის არგენტინელმა ლეგიონერმა მას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, კაბრალი აცხადებს, რომ მას რასისტული არაფერი უთქვამს გერმანელი ფეხბურთელისთვის.
„მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 22 ივნისს შარლოტში გამართული მატჩის ოქმების ანალიზის შემდეგ ფიფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო „პაჩუკას“ ფეხბურთელის, გუსტავო კაბრალის მიმართ“, – წერია ფიფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.