Fichajes-ი - კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ინსინიე უპრობლემოდ ჩაანაცვლა და ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა #1TVSPORT
Fichajes-ი - კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ინსინიე უპრობლემოდ ჩაანაცვლა და ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური ისტორია 2023 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. სერია A-ს სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ვერონას“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა.

ამასთან დაკავშირებით გამოცემა fichajes-მა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა. ავტორის შეფასებით, ქართველმა „ნაპოლიში“ ლორენცო ინსინიე უპრობლემოდ ჩაანაცვლა და სერია A-ს მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიას „კურთხევის“ წელი

„„ნაპოლიში“ უცნობად ჩასული ხვიჩა კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველს „პარტენოპეიში“ კლუბის ლეგენდა ლორენცო ინსინიე უნდა შეეცვალა და მან ეს შეძლო. თავდამსხმელს ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირვებია. თავისი გოლებითა და საგოლე გადაცემით სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ხვიჩამ 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. „ნაპოლიში“ მეორე სეზონში კვარაცხელიას ლუჩანო სპალეტის დროს ნაჩვენები მაღალი დონის შენარჩუნება მოუწევს. რუდი გარსიას მწვრთნელობის პირობებში ის და ოსიმენი მორიგი წარმატების მთავარი შემოქმედნი უნდა იყვნენ“, – წერს ესპანური გამოცემა.

Gazzetta dello Sport-ი კი ამტკიცებს, რომ ნეაპოლელებმა კვარაცხელიასთვის განახლებული კონტრაქტი გაამზადეს.

„კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტი მზადაა და ეს კლუბში უკვე დაადასტურეს. როდესაც მან გააფორმა ხელშეკრულება, ბევრი არაფერი იყო სალაპარაკო. 2027 წლამდე სეზონში 1,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო, პირობების გადახედვა კი გათვალისწინებული არ იყო.

მაგრამ მისი თამაში შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა და ეს გახდა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სტატუსისა და აღიარების საკითხი. ამიტომ, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხელფასის 2,5 მილიონამდე გაზრდასა და ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას დათანხმდა“, – ამტკიცებს Gazzetta dello Sport-ი.