ფიბა-ს გადაწყვეტილებით, თებერვლის „ბაბლს“ თბილისი უმასპინძლებს - საქართველოს ნაკრები ფინეთთან და სერბეთთან შინ ითამაშებს
ფიბა-ს გადაწყვეტილებით, თებერვლის „ბაბლს“ თბილისი უმასპინძლებს - საქართველოს ნაკრები ფინეთთან და სერბეთთან შინ ითამაშებს

4 დეკემბერს გაიმართა ევროპის მართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, ფიბა-ს ბორდის სხდომა, რომლის წევრიცაა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანი გიორგი ქართველიშვილი.

წინასწარ ითქვა, რომ თებერვლის „ბაბლისთვის“ საქართველოს უნდა ემასპინძლა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ 4 დეკემბრის სხდომაზე უნდა მიეღოთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ფიბა-ს ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიიღეს და თებერვალში საქართველოს ნაკრები სერბეთთანაც და ფინეთთანაც შინ ითამაშებს.

ახლა, უფრო კონკრეტულად „ბაბლის“ არსზე. კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გადაწყვიტა ევრობასკეტისშესარჩევი ეტაპის მონაწილე თითო ჯგუფის გუნდები ერთ ქვეყანაში შეკრიბოს და მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში მეხუთე და მეექვსე ტურის მატჩები ერთ დარბაზში ათამაშოს.

სწორედ ასე იყო ნოემბრის ფანჯარაში – საქართველო, სერბეთი და შვეიცარია ფინეთში ჩავიდნენ და ორდღიან შუალედში ორ-ორი მატჩი გამართეს. ჩვენმა გუნდმა ფინეთიც დაამარცხა შვეიცარიაც და ჯგუფს ოთხი მატჩიდან ოთხი მოგებით ლიდერობს.