ფიბა-ს ექსპერტი იგორ ჩურკოვიჩი - ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები გუნდი-სიურპრიზი იქნება #1TVSPORT
ფიბა-ს ექსპერტი იგორ ჩურკოვიჩი - ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები გუნდი-სიურპრიზი იქნება #1TVSPORT

„რას უნდა ველოდეთ ევრობასკეტი 2022-ზე?“ – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.

პუბლიკაციაში სამი ექსპერტი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ ევრობასკეტთან დაკავშირებულ ხუთ შეკითხვაზე. ხორვატი ჟურნალისტი იგორ ჩურკოვიჩი საქართველოს ნაკრებს გუნდ-სიურპრიზად (Dark Horse) ასახელებს.

მასთან ერთად ფიბა-ს მიმომხილველმა ჯეფ ტეილორმა და „ჰუპსფიქსის“ ჟურნალისტმა ბრედლი გეინსმა ევრობასკეტის შესახებ საკუთარი პროგნოზები თანმიმდევრულად დააფიქსირეს.

 

ფავორიტები

სამივე სპეციალისტმა ჩემპიონობა საფრანგეთს უწინასწარმეტყველა. ფრანგებმა წლეულს ტოკიოს ოლიმპიადაზე მაღალი ხარისხის კალათბურთი უჩვენეს და ფინალში აშშ-სთან დამარცხდნენ.

 

საუკეთესო მოთამაშე

ჯეფ ტეილორი: „საფრანგეთი ფავორიტია. მისი ლიდერი, რუდი გობერი MVP-ის წოდებას არავის დაუთმობს“.

იგორ ჩურკოვიჩი:ლიეტუვა ძალიან წინ წავა. მას ხომ ვალანჩუნასი და საბონისი ჰყავს. საუკეთესო ვალანჩუნასი გახდება“.

ბრედლი გეინსი: „2005 წელს გერმანიას ტიტული არ მოუგია, მაგრამ საუკეთესოდ დირკ ნოვიცკი დაასახელეს. ამჯერად MVP-ის ჯილდოს სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი მიიღებს“.

 

გუნდი სიურპრიზი

ჯეფ ტეილორი: „ბოსნია-ჰერცეგოვინა თავის გზაზე ბევრ ძლიერ გუნდს დაამარცხებს. ვედრან ბოსნიჩის სახით ძლიერი მწვრთნელი ჰყავს“.

იგორ ჩურკოვიჩი: „გერმანიამ და იტალიამ ოლიმპიადაზე მეოთხედფინალს მიაღწიეს. მათ გუნდ-სიურპრიზებს ვერ დავარქმევთ. არც ჩეხეთი მიმაჩნია ასეთად. სიურპრიზი საქართველო იქნება. ეს ნაკრები შინ თამაშობს, სინტერესო სანახაობა გველის“.

ბრედლი გეინსი: „თურქეთი. შეინ ლარკინისა და ალფერენ სენგუნის გუნდი ბევრს დაამარცხებს“.

 

რომელი მოთამაშე გაიბრწყინებს

ჯეფ ტეილორმა პოლონეთის ნაკრების ლიდერი ჯერემი სოჩანი დაასახელა; იგორ ჩურკოვიჩმა – იტალიელი ნიკო მანიონი, ხოლო ბრედლი გეინსმა – ისრაელელი დენი ავდია.

 

იმედგაცრუება

ჯეფ ტეილორი: „ევრობასკეტზე იმედი შეიძლება ყველას გაუცრუვდეს. თუმცა მე საქართველოს დავასახელებდი. მსოფლიოს რეიტინგში ეს გუნდი 38-ე ადგილზეა, ევროპაში – მე-18. მასზე წინ ბევრი ნაკრებია. საქართველო შინ თამაშობს და გულშემატკივრის ფაქტორი შეიძლება წნეხად იქცეს. ბოდიში საქართველო! თუმცა ძალიან მინდა ამ გუნდის შემდეგ ეტაპზე ხილვა“.

იგორ ჩურკოვიჩი: „ვფიქრობ, იმედები გერმანიის ნაკრებს გაუცრუვდება. მის ჯგუფში ხომ საფრანგეთი, სლოვენია და ლიეტუვაა. ამ ჯგუფის მეოთხეადგილოსანს მერვედფინალში ესპანეთი შეხვდება“.

ბრედლი გეინსი:ლიეტუვა. ურთულეს ჯგუფშია და მომდევნო ეტაპზე გასვლა გაუჭირდება“.